საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამერიკელი კონტრადმირალი ესტუმრა

sazogad-3საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორატის უფროსის მოადგილე, კონტრადმირალი პატრიკ პირსი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან გამართა შეხვედრები. დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორატის წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ვაკო ავალიანსა და მიხეილ დარჩიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ნატოსთან თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების თემას. კონტრადმირალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკული მხარის მზადყოფნა, გააძლიეროს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და მხარი დაუჭიროს საქართველოს თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში.