საზოგადოება
საქართველოს ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაცია სტუმრობს

sazogad-1საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ბელგიის უმსხვილესი ბიზნესკომპანიების პირველ პირებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

საქართველოს ახალი ხელისუფლება რეალურად ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიზნესმენები და პოტენციური ინვესტორები, ინფორმაციას უშუალოდ ქვეყნის ხელმძღვანელებისგან იღებენ“, – განაცხადა ბენჟამინ ვან ოუდენჰოვემ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ბელგიის დელეგაცია, რომელსაც პრინცი ხუან ბაგრატიონი და ბენჟამინ ვან ოუდენჰოვე ხელმძღვანელობენ, ბელგიის 15-მდე წამყვანი ბიზნესკომპანიის პირველ პირებს აერთიანებს. მათ შორის არიან 142 კომპანიის მფლობელი NOVO BELGIUM HOLDING-ის წილის მფლობელი დომინიკ ჯანე; პრინცი ლეონელ დე მეროდე; ქიმიკატების, ლოჯისტიკისა და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე DOMO Group-ის მფლობელები ჟან დე კლერკი და გრეგორი კლერკი; ბრიუსელის Field Fisher Waterhouse LLP-ის პარტნიორი და კონსულტანტი ენერგეტიკის სფეროში დავიდ ჰავერბეკე; DEME Group-ის ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის დირექტორი დირკ პოპე; DEME Group-ის  წარმომადგენელი ჟან-პიერ დესმანეტი; კომპანია DEME Environment-ის დირექტორი მიე დე ვიტი; BV Capital Partners-ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი ჰანს ვანოორბეკი და სხვები.