საზოგადოება
ლეიბორისტები ქართველი ბავშვების უფლებების დაცვას გაეროს სთხოვენ

leiboristebiლეიბორისტული პარტია გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტს საქართველოში ბავშვების უფლებების დარღვევების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლას სთხოვს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა საქინფორმს განუცხადა, ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები საქართველოში სისტემატურად ირღვევა, რაც უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრებიდან მომდინარეობს. სოსო შატბერაშვილი ამის მაგალითად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - დიმიტრი შაშკინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს 8 საატესტატო გამოცდა დაენიშნათ.
შატბერაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა გამოცდების დანიშვნა გააპროტესტეს, ძალადობისა და შანტაჟის ახალი ტალღა აგორდა. კერძოდ, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოსწავლეები აღრიცხვაზე აიყვანეს, მათი იდენტიფიკაციის შემდეგ კი დაადგინეს მშობლების ვინაობა. ზოგი მათგანი სამსახურებიდან დაითხოვეს, ზოგს კი სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნეს.
მისი თქმით, რეპრესიები შეეხოთ იმ პედაგოგებსა და დირექტორებს, რომლებიც, ასევე, მიიჩნევდნენ, რომ გამოცდები უსამართლოდ დაინიშნა.
ლეიბორისტები იმედს გამოთქვამენ, რომ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი აღნიშნული ფაქტებით დაინტერესდება და შესაბამის ზომებს მიმართავს.