პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „მსგავსი ფაქტები აზიანებს პროცესს, რასაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ჰქვია“

polit-1-2-3საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. მსგავსი ფაქტები აზიანებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, - განაცხადა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსი ოკუპანტების მიერ “ტვ 3”-ის გადამღები ჯგუფის დაკავების ფაქტის კომენტირებისას. მანვე ჟურნალისტების მალე გათავისუფლების იმედი გამოთქვა.

"ძალიან შეწუხებული ვარ აღნიშნული ფაქტის გამო. მე ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. იმედი მაქვს, ძალიან მალე გაათავისუფლებენ ჩვენს ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები აზიანებს პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. დღეს გაიმართება ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გრიგორი კარასინთან და სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულ საკითხსაც განიხილავენ. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ამ პროცესის გაჯანსაღება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.