სამართალი
“TV 3”-ის გადამღები ჯგუფი ცხინვალში გადაიყვანეს

1-Tv3საქართველო, 16 აპრილი, საქინფორი. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის გოჩა რატიანის ინფორმაციით, რუსების მიერ დაკავებული “TV 3”-ის გადამღები ჯგუფი ცხინვალში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

"ცხელი ხაზის მეშვეობით მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ჟურნალისტები გადაცემული არიან ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებისთვის. ამ დროისთვის ისინი უკვე ცხინვალში იქნებიან", - აღნიშნა გოჩა რატიანმა, რომლის თქმითაც, ქართველი ჟურნალისტების გასათავისუფლებლად ყველა რესურსი მობილიზებულია.

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. საერთაშორისო თანამეგობრობაც ინფორმირებულია, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩათვლით", - განაცხადა რატიანმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსნებთ, რომ “TV 3”-ის გადამღები ჯგუფი -  ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი - სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული. ისინი გუშინ დააკავეს.