სამართალი
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. დღეს პრაღაში, სასტუმრო “დიპლომატში” აბაშიძე-კარასინის რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართება და პირველი განსახილველი თემა ქართველი ჟურნალისტების დაკავება იქნება.
„თავიდანვე პირველი განსახილველი თემა ეს იქნება, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყდეს ეს საკითხი”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე-კარასინის დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ.“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გვქონდეს ინფორმაცია, რუსეთის მხარე როგორ უყურებს ქართულ-რუსული ურთიერთობების მომავალს. გარდა ამისა, არის კონკრეტული მწვავე საკითხები, რომლებიც განსახილველია და ძალიან სწრაფად, ოპერატიულად უნდა მოგვარდეს. ეს არის აძვთან შექმნილი ვითარება, ეკლესიის თემა”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ აძვში რუსებმა გუშინ “TV 3”-ის გადამღები ჯგუფი გაიტაცეს. გატაცებული არიან ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი, პირდაპირი ჩართვის ტექნიკური ჯგუფის წევრი მიხეილ მიხოევი.