საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის განცხადება

1-generaluri_inspeqciaსაქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნდა, გვერდში დავდგომოდი კოალიციას და მონაწილეობა მიმეღო იმ ბრძოლაში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო სააკაშვილის რეჟიმისაგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.

არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემდეგ მე ჩავდექი სახელმწიფო სამსახურში. ერთგულად ვემსახურე საერთო საქმეს და პირნათელი ვარ ჩვენი ქვეყნის წინაშე. გარდამავალ პერიოდში მე ვეხმარებოდი და ერთგულად ვედექი გვერდში მთელ პოლიტიკურ გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს.

დღეს, როდესაც უკვე გარდამავალი ეტაპი დასრულებულად შეიძლება ჩავთვალოთ და მასთან დაკავშირებული სიძნელეები გადალახულია, ასევე, ოფიციალურად გამოცხადდა წინასაარჩევნო პერიოდი, საჭიროდ ვთვლი, დავტოვო თანამდებობა, რადგან არ მინდა, ჩემმა ყოფნამ ამ თანამდებობაზე გამოიწვიოს უხერხულობა, საზოგადოებაში დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის თემაზე და ამით ხელი შეეშალოს იმ დიდ საქმეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ”.