საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდა.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ურთიერთობის თემები, ასევე ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხს, რამდენადაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს საქართველოს სტაბილურობაზე, სუვერენიტეტსა და მდგრადობაზე. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ღია დაპირისპირების საფრთხეს, რომელიც შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, პირადად გვაქვს ამის გამოცდილება 2008 წელს და უკრაინის შემთხვევაში 2014 წელს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირი მავთულხლართებისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თემებსაც შეეხო.„ამასთან დაკავშირებით მუდმივად გამოვხატავთ პროტესტს და ვცდილობთ, ჩვენი ევროპული არხების მეშვეობით გავაგებინოთ მოსკოვს, რომ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცის დარღვევა არ მატებს პატივს... ის ხალხი, რომელიც მავთულხლართს ავლებს, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ აქ პრობლემა გვარდება და ადამიანები ერთმანეთთან კავშირს პოულობენ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე 20-მდე ექსპერტი და პოლიტოლოგი ესწრებოდა.