„ჩვენმა მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯები სპორტის განვითარების კუთხით. მთავრობა მხოლოდ მოკლევადიანი, კონკრეტული გეგმებით კი არ შემოიფარგლება, არამედ გვაქვს გრძელვადიანი და სისტემური ხედვა ამ მიმართულებით. ახლახან დავამტკიცეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკას ეხება და განსაზღვრავს სპორტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს. მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რომ სპორტს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფო დაფინანსება ქართული სპორტის განვითარების საქმეში სოლიდური იყოს“, - განაცხადა პრემიერმა კონფერენციაზე და განმარტა, რომ ამ მიმართულებით მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა ხელს შეუწყობს რეგიონულ საფეხბურთო გუნდებს, ახალგაზრდულ ფეხბურთს, რაც დადებითად აისახება ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე.
მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და დაფინანსების მოძიებას, რომელიც ქართული სპორტის განვითარებას მოხმარდება.