აქტუალური
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გუშინ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.
სამინისტროს თანამშრომლებთან გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ უწყების მიერ მისი მინისტრობის დროს გაწეული მუშაობა შეაჯამა, ილაპარაკა სხვადასხვა მიმართულებით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს აქტიური თანამშრომლობისა და კვალიფიციური საქმიანობისთვის. ნარმანიას მინისტრობის პერიოდში გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდა ტენდერები, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტენდერებში მონაწილეობით დაინტერესებულ კომპანიათა რაოდენობა, შემუშავდა ხარისხის სტანდარტები და გაიზარდა მისი კონტროლის მექანიზმები, შეიქმნა ელექტრონული გეო-ინფორმაციული სისტემა, სამინისტროს საქმიანობა გახდა ღია და გამჭვირვალე, ინფორმაცია კი - ხელმისაწვდომი.