საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმს აცხადებს.
აღნიშნული წინადადებით ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მთავრობის სხდომაზე მიმართა.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. სწორედ ამიტომ, მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და თან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი აუცილებლობა. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია არჩევნების პერიოდში პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა“, - განაცხდა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული ინფორმაცია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ, ასევე მიმართავს საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩართონ კვალიფიციური დამკვირვებლები საარჩევნო პროცესის მონიტორინგში.