პუბლიკაციები
საქინფორმი: “რას ნიშნავს 3 სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აშშ-ში ერთსა და იმავე დღეს? საქართველოს ნატოში შესვლის მხარდაჭერას თუ მინისტრ ირაკლი ალასანიას მხარდაჭერას?!”

1-ras-niSnavs-polit-1-analiსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. 2014 წლის 11 აპრილს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინს შორის. საუბრისას განხილულ იქნა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სენატორ მაკკეინის განცხადებით, იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ნატოს სამიტზე საქართველოსათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. სენატორის განცხადებით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად იგი ძალისხმევას არ დაიშურებს.

იმავე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისთვის ამერიკელ კონგრესმენს მადლობა გადაუხადა (გასულ სამშაბათს კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნატოს მომავალ სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას, რისთვისაც ირაკლი ალასანიამ მაიკლ ტერნერს პირადად გადაუხადა მადლობა).

იმავე დღეს, ანუ 2014 წლის 11 აპრილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს ტელეფონით ესაუბრა.

გენერალ-მაიორმა კაპანაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს დაჭრილი სამხედროების პროგრამაში დახმარებისთვის. ფილიპ ბრიდლავმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში ISAF-ის მისიაში თავდადებისთვის გადაუხადა მადლობა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ამერიკელი გენერალი საქართველოში მოიწვია. ფილიპ ბრიდლავმა საქართველოში სტუმრობაზე თანხმობა განაცხადა. სატელეფონო საუბრისას გენერლები შეთანხმდნენ, რომ დაგეგმილი პირველი პირადი შეხვედრის დროს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის დეტალები განიხილება.

საქინფორმისაგან: რას შეიძლება ნიშნავდეს სამი სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მაღალჩინოსან ამერიკელ “საქართველოს მეგობრებთან”, თანაც - ერთსა და იმავე დღეს? საქართველოს ნატოში შესვლის მხარდაჭერას, სადაც მას, თუ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მტკიცებას დავუჯერებთ, არ მიიღებენ? თუ აშშ=ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მხარდაჭერას, რომლის ფეხქვეშ ნიადაგი საგრძნობლად შეირყა ამასწინანდელი მოვლენების შემდეგ - როდესაც მან პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრისაგან განსხვავებული პოზიცია გამოხატა, რითვაც, პრაქტიკულად, სოლიდარობა გამოუცხადა ნაცოპოზიციას უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით, და აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების ანტიივანიშვილისტური ფრთისადმი თავისი კუთვნილების ლუსტრაცია მოახდინა - პრეზიდენტ მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილთან ერთად?