საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პეკინის ქ. № 4-ში მდებარე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შენობას ყიდის.
როგორც საქსტატის შენობის წინ დღეს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის პრესსპიკერმა გიორგი კალანდაძემ განაცხადა, შენობის საწყისი ფასი 3600000 დოლარია.
„შენობას აქვს ხელსაყრელი მდებარეობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა. ეს არის 6 ათასამდე კვადრატული მეტრი საოფისე-სავაჭრო ფართი საზოგადოებრივი და საკუთარი პარკირების ადგილებით. სიახლოვე დედაქალაქის ბიზნეს და კულტურულ ცენტრებთან შენობის მომავალი მყიდველის ბიზნესგანვითარებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის“, - აღნიშნა კალანდაძემ.
დაინტერესებულ პირთა განაცხადებების მიღება სამინისტროში დღეიდან დაიწყო და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ერთადერთი საპრივატიზაციო პირობა არის ის, რომ მომავალ მესაკუთრეს შენობა გადაეცემა ეტაპობრივად და პროცესი 2011 წლის 1 მაისს დასრულდება.