სამართალი
როლანდ ახალაიას ბრალი წაუყენეს

1axalaia-sam-3საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო  პროკურატურამ პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას ბრალი წაუყენა.

როგორც დაკითხვის შემდეგ როლანდ ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ბრალი ანაკლიაში საპატრიარქოს რეზიდენციის  საქმეზე წარედგინა.

ამასთან, ახალაია მისთვის ბრალის წაყენებას ბიძინა ივანიშვილის პირად დაკვეთას უკავშირებს.

პირადად ივანიშვილი და .. ჰაკიმ ფაშა მებრძვიან. მას შემდეგ, რაც არჩევნებში გავიმარჯვე, პირადად ბიძინა ივანიშვილი დამემუქრა, რომ თუ დეპუტატის მანდატზე უარს არ ვიტყოდი, ციხეში გამიშვებდა და ახლა უნდა, რომ დაპირება შეასრულოს”, - განაცხადა როლანდ ახალაიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხვალ ზუგდიდში დაანონსებულ დემონსტრაციას ხელისუფლებამ პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიასთვის ბრალის წაყენებით უპასუხა.

მთავარი პროკურატურა კი განმარტავს, რომ ახალაიას ბრალი წაეყენა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.