პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რფ-ის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს

1samin-pol-3საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

„2014 წლის 10 აპრილს, 10:40 საათზე რუსული AN-2 ტიპის თვითმფრინავი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართულებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და ზუგდიდის რაიონის სოფ. შამგონასა და ხურჩაში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს გადაუფრინა. აღნიშნულმა თვითმფრინავმა 12:45 საათზე კვლავ დაარღვია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის სოფლებს - შამგონას, ხურჩას, რუხსა და ფახულანს გადაუფრინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევის მორიგი ფაქტის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, სათანადო რეაგირება მოახდინონ მომხდარ ინციდენტზე, საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებების და ვითარების დაძაბვის მცდელობების აღკვეთის მიზნით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.