სამართალი
ირმა ინაშვილი: „მიკროავტობუსებში მონოპოლისტური რადიოს ამოქმედების გამო სასამართლოს მივმართავთ!“

1irma-In-sam-3საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. „მიკროავტობუსებში მონოპოლიტური რადიოს ამოქმედების გამო სასამართლოს მივმართავთ. დარწმუნებული ვარ, რომ შემოგვიერთდებიან სხვა რადიოების წარმომადგენლებიც“, - ამის შესახებ მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ინაშვილი განმარტავს, ყვითელ მიკროავტობუსებში სპეციალური რადიოს (რადიო “უცნობის” ბაზაზე ჩამოყალიბებული რადიო „მა“) ამოქმედება მგზავრებისთვის ინფორმაციის მიღების თავისუფლების შეზღუდვაა.

„ეს მონოპოლიის ფორმა არაა? ფაქტია, რომ მგზავრთა დიდი ნაწილი მიკროავტობუსებში ძირითადად “ობიექტივსა” და ”მაესტროს” ახალ ამბებს უსმენდა. მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულების გაფორმება - ესაა მძღოლებისა და მგზავრებისთვის ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა და არჩევანის წართმევა, რაც კონტიტუციითაა გარანტირებული! ესაა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. ვწუხვარ, რომ ჩემს მეგობართან - გოგა ხაინდრავასთან მიწევს ამაზე საუბარი. არ მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფლება ზღუდავს “ობიექტივს” და სხვა რადიოებს. თუმცა, არჩევნების წინ მსგავსი ტიპის მონოპოლისტური რადიოს ამოქმედება სხვას ვერაფერს მაფიქრებინებს“, - განაცხადა ინაშვილმა.