აქტუალური
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: „ასამბლეა გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და ყირიმის ანექსიას“

1Euparlament-akt-3საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომლითაც ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებებს გმობს და უკრაინის ფედერალიზაციის თაობაზე რუსეთის შეთავაზებას აკრიტიკებს. რეზოლუციას მხარი 154 დეპუტატმა დაუჭირა, 26 კი წინააღმდეგ წავიდა.

"საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და ყირიმის ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების დარღვევას, მათ შორის არღვევს გაეროს წესდების, ეუთოს ჰელსინსკის აქტის და ევროსაბჭოს ძირითად ნორმებს. არც ერთი არგუმენტი, რომელსაც იშველიებს რუსეთის ფედერაცია თავისი ქმედებების გასამართლებლად, სინამდვილეს არ შეესაბამება", - ნათქვამია ასამბლეის რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასევე ლაპარაკია უკრაინაში და, მათ შორის, ყირიმში ეთნიკურად რუსულენოვანი უმცირესობისთვის პირდაპირი საფრთხის არარსებობის შესახებ. ეროვნული უმცირესობების პატივისცემის თაობაზე თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ილაპარაკა. რეზოლუციით ასამბლეა მოუწოდებს უკრაინას, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.