ქართული მხარის მიერ დაკავებულ ჯაშუშებთან დაკავშირებით, ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს საპასუხო ნოტა გაუგზავნა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ნოტა რუსულ მხარეს შუამავლის - შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადაეცა.
"როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მოგვმართა ნოტით, რომელშიც ის, ერთის მხრივ, დაკავებულ ჯაშუშებთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფას (რუსეთის მოქალაქეების იდენტიფიცირებას) და მეორე მხრივ, მათი რუსეთის მოქალაქეობის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულებთან კონსულის შეშვებას ითხოვდა. ჩვენ ეს ნოტა კომპეტენტურ ორგანოებს გადავუგზავნეთ, საიდანაც რუსეთის მოქალაქეების საიდენტიფიკაციო მონაცემები მივიღეთ. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია რუსეთში გადასაგზავნად ჩვენ ისევ შვეიცარიის საელჩოს გადავეცით", - განაცხადა კალანდაძემ. მისივე განმარტებით, ერთ-ერთ რუს ჯაშუშთან კონსულის ვიზიტიც შედგა, რითაც სურვილის შემთხვევაში, რუსეთის დანარჩენი სამი მოქალაქეც ისარგებლებს. "ერთ-ერთ მათგანს უკვე შეხვდა კონსული. თუ მსგავსი სურვილი კიდევ იქნება, ეს დანარჩენი სამის შემთხვევაშიც მოხდება", - დასძინა კალანდაძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13 პირი დააკავეს, მათგან 4 რუსეთის მოქალაქეა.