საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „9 აპრილი ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა!“

1-9-aprili-saz-2საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. 9 აპრილის ღამეს, ტრაგედიის 25 წლის თავზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, საქართველოს სამთავრობო უწყებების Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე მთავარი ფოტოები შეიცვალა.

საქართველოს მთავრობა ამ ფორმით, სიმბოლურად, კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც აქციის დარბევის შედეგად დაიღუპნენ.

9 აპრილის ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა...

„25 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში  ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ის იდეალები, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ.

ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ორმაგად მნიშვნელოვანია -  სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, საბჭოთა  იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლის შედეგი იყო  ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

ჩვენი თანამემამულეების თავდადებას, სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი  სახელმწიფოა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ  ჩვენს გმირებს, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დავრჩებით, რომლებსაც მათ  შესწირეს თავი.

ირაკლი ღარიბაშვილი“