აქტუალური
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარტინ ლიდეგაარდს შეხვდა

1dania-akt-3საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარტინ ლიდეგაარდს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოსა და დანიას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ურთიერთობის სფეროების გაფართოება იყო. მხარეებმა ასევე იმსჯელეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთ პარტნიორობას და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. მარტინ ლიდეგაარდმა საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა დანიის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანიის დახმარება ადამიანთა უფლებების დაცვის, დროებით ადგილნაცვალ პირთა დახმარების, მედიის თავისუფლების მხარდაჭერისა და ეკონომიკური მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე იენს კისლინგი, ევროპული სამეზობლო დეპარტამენტის დირექტორი მაიკლ სუარი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მერეტე ჯული, დანიის საპატიო კონსული საქართველოში ესბენ ემბორგი.