პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი : „თუ საქართველო ნატოსკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს“

1david-pol-2საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ნატოს გარეშე საქართველო, შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"2008 წლის აპრილში, ნატოს სამიტზე წევრი ქვეყნები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ საქართველო ალიანის წევრი ქვეყანა გახდება, თუმცა არც მექანიზმებზე, არც ინსტრუმენტებსა და თარიღზე არ უსაუბრიათ. მჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიისა. დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. გვესმის, რომ თუ საქართველო ნატოსკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ გვჭირდება პასუხი, რას მოვიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მზად არიან, ითანამშრომლონ ევროკავშირთან.

"მე ვხედავ მზაობას თქვენი მხრიდან. სწორედ ამიტომ, ჩემს ქვეყანაში მეტი ენთუზიაზმით დავბრუნდები, რომ გამოსავალი მოიძებნება, საქართველო დაუახლოვდება ევროპას, გახდება ნატოს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა გახდება რუსეთიც. სწორედ ესაა პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.