საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს გახსნას, რომელიც ოფიციალურად დღეიდან შეუდგა მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.ირაკლი ღარიბაშვილმა მიროსლავ ლაიჩაკს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სლოვაკეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ამ მიმართულებით დამატებით პერსპექტივებს გააჩენს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ზუზანა ზვოლენსკა, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ბრანისლავ ჰიტკა, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მილან ზახარი, სლოვაკეთის საქმეთა რწმუნებული საქართველოში რუდოლს მიხალკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი.