საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. „შორს სისხლიანი ხელები“, „ნაცებო, მოცოცხეთ“, „აღარ გვინდა კრიმინალები პოლიტიკაში“, „სამცხე- ჯავახეთი ვანოსი აღარ არის“, - მსგავსი ტრანსპარანტებით დახვდნენ 7 აპრილს ახალციხეში შტაბის რაიონულ სხდომაზე ჩასულ „ნაციონალების” ლიდერებს . ამის შესახებ sknews.ge იუწყება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციაში გიგი უგულავა, მიხეილ მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.მათ შენობასთან ტრანსპარანტებით და შეძახილებით რამდენიმე ათეული ადგილობრივი მოსახლე დახვდა, მათ შორის იყვნენ: „ქართული ოცნების“ წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრები.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა შენობა დატოვეს და მანქანებში ჩასხდნენ, აქციის რამდენიმე მონაწილემ მათ ავტომობილებს პლასტმასის ბოთლები ესროლა.
„ეს ანტინაციონალური მოძრაობა გამოდგა, გააუბედურეს ეს ქვეყანა, ანტიეროვნულ საქმეებს სჩადიოდნენ და ამიტომ ხალხმაც უარი უთხრა 2012 წლის 1 ოქტომბერს. მაქსიმალურად უარს ეტყვის ადგილობრივ არჩევნებზეც. „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ეს აწუხებს და იმიტომ დაძვრებიან რაიონებში“, - განაცხადა ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელმა გოდერძი კუბლაშვილმა.
აქციას ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ ტალახაძეც, რომელმაც აქციაზე ყოფნა ასე ახსნა: "ნაციონალებს“ აღარ აქვთ უფლება, ახალციხეში ჩამოვიდნენ და აგიტაციას ეწეოდნენ, ესენი წასული პოლიტიკოსები არიან, ჩაძირულებად ვთვლი მათ, ამიტომ გავაპროტესტეთ“.