საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ისრაელის შრომის პარტიის გენერალურ მდივან იეჰილ ხილიკ ბარს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-ისრაელის ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლა - უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და გამოითქვა იმედი, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობის გაფართოებას.
საუბარი შეეხო საგანმანათლებლო და კულტურულ დარგში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას, დაისახა პარლამენტთაშორისი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახლოვდება ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიების თარიღი, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 21-23 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ქნესეთის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების მნიშვნელობას.
შეხვედრას ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე ბოსთან დორონი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართელოში იუვალ ფუქსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე დაესწრნენ.