პოლიტიკა
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაის შეხვდა

1taleb-pol-1საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის შეხვდა.  მხარეებმა საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და ბოლო დროს ტურიზმის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საერთო ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან გამოითქვა საინტერესო ინიციატივები საქართველოში სასოფლო და საქალაქო ტურიზმის, ასევე სამთო–სათხილამურო ტურიზმის მიმართულებით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასოფლო ტურიზმს, საქალაქო ტურიზმსა და სამთოსათხილამურო ტურიზმს შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე, ასევე დასაქმების პრობლემის მოგვარებასა და საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – განაცხადა ტალებ რიფაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი, ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორი გაეროს  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ბექა ჯაყელი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი სიგუა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი დაესწრნენ.