საზოგადოება
საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. შს მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა”, ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ევრომაიდნის” მოწყობას გეგმავს.
ჭიკაიძის თქმით, შესაძლოა, ნაციონალებმა ჩანაფიქრი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განახორციელონ, თუმცა, გამორიცხული არ არის, ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ.„მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას.
იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ“,- ამბობს “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში ალექსანდრე ჭიკაიძე და დასძენს, რომ სამინისტრო ეცდება, მოვლენების ამ სცენარით განვითარება არ დაუშვას.
„ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან! ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება“, - აცხადებს შს მინისტრი.