საზოგადოება
გილოცავთ ხარების დღესასწაულს! - მართლმადიდებლები დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ

1xareba-obSსაქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს (ახალი სტილით) აღნიშნავს და იგი 12 საუფლო (უძრავი) დღესასწაულთაგანია.

იმის შესახებ, თუ სად და როდის გაჩნდა პირველად ხარების დღესასწაული, არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ 560 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ ხარების აღნიშვნის თარიღად 25 მარტი (ახალი სტილით 7 აპრილი) მიუთითა.

დღესასწაულის სახელწოდება - ხარება - მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს: მარიამ ღვთისმშობლისათვის ხარებას, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე - ძე ღვთისა.

წმინდა წერილის თანახმად, გაბრიელ მთავარანგელოზი ქალწულ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ ის ძეს ღვთისას შობდა და ამით ის ძე კაცისა გახდებოდა. მარიამმა ანგელოზს მიუგო: “აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ”. ამ ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე ღმერთი ვერ განკაცდებოდა.

საეკლესიო თქმულება ამბობს, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ქალწულ მარიამს მთავარანგელოზი გამოეცხადა, ის წინასწარმეტყველ ესაიას წიგნს კითხულობდა, სიტყვებს მესიას დაბადების შესახებ.

მომდევნო დიდი ქრისტიანული დღესასწაულია ბზობა (უფლის შესვლა იერუსალიმში). ბზობა აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, 13 აპრილს აღინიშნება. ხოლო 20 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს - უფლის აღდგომას აღნიშნავს. სააღდგომო ღვთისმსახურება კვირას ღამის 12 საათზე დაიწყება.