პოლიტიკა
ერთიანმა ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე დაასახელა

1burji-polit-2საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი.
ნინო ბურჯანაძე:
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში უახლოეს ხანებში გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ ვემზადებოდით და ვემზადებით ამ არჩევნებისთვის და მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ხელისუფლებაში მოსვლისათვის, იმისათვის, რომ მართლაც მოვიდეს ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც უმთავრესია სახელმწიფო ინტერესები და არა საკუთარი პოლიტიკური ამბიციები.

მინდა მადლობა გადავუხადო აქ წარმოდგენილ ოპოზიციურ ძალებს და ლიდერებს, რომლებმაც შექმნეს ოპოზიციური ერთობა და რომლებიც მზად არიან, რომ ჩვენ არა მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ერთობლივად ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის.

ჩვენ, ერთიანმა ოპოზიციამ, დღეს დავასრულეთ შიდა კონსულტაციები დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია „ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატი იყოს ძალიან ღირსეული ქართველი, ღირსეული პოლიტიკოსი, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელები სწორ არჩევანს გააკეთებენ და ჩვენ არ გავუმტყუნებთ იმედებს ჩვენს თანამოქალაქეებს.