პუბლიკაციები
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას ჟენევის დისკუსიების შედეგებთან დაკავშირებით

1komentarii-pol-3საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა საქართველოს საგარეო უწყების განცხადება ამიერკავკასიის საკითხებში ჟენევის დისკუსიების 27-ე რაუნდთან დაკავშირებით და მას რეალობის დამამახინჯებელი უწოდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების საიტზე განთავსებულ ცნობაშია ნათქვამი.

„პირველი ჯგუფის (უსაფრთხოების საკითხები) მუშაობის შესახებ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბეჯითად ჩამოთვლის მისი წარმომადგენლების მიერ გახმოვანებულ ბრალდებებსა და პრეტენზიებს. თუმცა, ამასთან, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ყველა მათგანი არგუმენტირებულად იქნა უარყოფილი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მხარეების მიერ. კერძოდ, გაირკვა, რომ „საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა“ რეალურად არავის დაუფიქსირებია. რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება რაიმე მტკიცებულებით გაუმყარებელი გამოგონებაა, ხოლო „სოჭის ოლიმპიადის შემდგომ საზღვარზე მავთულხლართების აღმართვის გაგრძელება პროვოკაციული სიცრუეა“, - აღნიშნულია გაცხადებაში.

ამასთან, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ საქართველოს საგარეო უწყების მიერ წარმოდგენილი „მოლაპარაკების მონაწილენი“: ყოფილი სახრეთ ოსეთის ავტონომიის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“ სინამდვილეში ქართული დელეგაციის წარმომადგენლები არიან, მათი „ტიტულები კი მხოლოდ ვირტუალურია.

არასერიოზულად გამოიყურება ქართული მხარის გამუდმებული მითითება თითქოსდა „2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“. ჩვენ უკვე განვმარტეთ, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლაპარაკია დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის „კონფლიქტის დარეგულირების შვიდპრინციპიან გეგმაზე“. სხვაგვარად მათ ეცოდინებოდათ, მაგალითად, რომ მათ მოთხოვნებს, ევროპელი დამკვირვებლების საქმიანობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე გავრცელებულიყო, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან მედვედევი-სარკოზის შეთანხებაში შავით თეთრზე დაფიქსირებულია: დამკვირვებლები დაიშვებიან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომიჯნავე ზონებში“, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცნობაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, სადაც ირწმუნებიან, რომ  დისკუსიები მიმდინარეობდა „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მითიურ დარღვევასა და ოკუპაციის ჰუმანიტარულ შედეგებზე“, სინამდვილეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში ჯგუფის კოორდინატორთა ხელშეწყობით საუბარი იყო ძირითადად მოსახლეობის პრაქტიკული საჭიროებების შესახებ საზღვრის ორივე მხარეს - ნორმალური განათლების მიღებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ტრანსსასაზღვრო სავაჭრო და სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენაზე, დაკავებულთა გათავისუფლებასა და დაკარგული ადამიანების ძებნაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.