პოლიტიკა
საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა 2013 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
„სწორედ დონორი ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები საქართველოში, იქნება ეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება თუ დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა“, - აღნიშნა მან.დავით ნარმანიას განცხადებით, სამინისტრომ 2013 წელს სრულად შეცვალა მიდგომები პროექტების დაგეგმვისა და მათი განხორციელების კუთხით. გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდა ტენდერები, შემუშავდა ხარისხის სტანდარტები, შეიქმნა ელექტრონული გეოინფორმაციული სისტემა. სამინისტროს საქმიანობა გახდა ღია და გამჭვირვალე, ინფორმაცია კი - ხელმისაწვდომი.
შეხვედრაზე მინისტრი, ასევე, შეეხო თვითმმართველობის რეფორმას.
„რეფორმის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობები უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ მოსახლეობას, თვითმმართველობებს მიეცემა შესაბამისი ფინანსები და უფლებამოსილება, რათა საკუთარი პრობლემების გადაჭრა ადგილზევე შეძლონ. გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ უკვე ამ ადგილობრივ არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობა მერებს და გამგებლებს პირდაპირი წესით თვითონ აირჩევს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.