საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დასრულდა
საქართველო, 4 აპრილი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს ქალაქ კრაკოვს ესტუმრა და ვაველის სამეფო სასახლე მოინახულა.
გიორგი მარგველაშვილმა სასახლის დარბაზები დაათვალიერა, სადაც მუზეუმის სავიზიტო ექსპონატი - ლეონარდო და ვინჩის შედევრი „ქალი ყარყუმით“ არის განთავსებული. ქვეყნის პირველი პირი ვაველის სამეფო სასახლის საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც მას მასპინძლობა საკათედრო ტაძრის პასტორმა მეუფე-პრელატმა
ზჯისლავ სოხაცკიმ გაუწია.
საკათედრო ტაძრის დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ქალბატონმა
მაკა ჩიჩუამ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარია კაჩინსკას საფლავები გვირგვინით შეამკეს. გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში დღეს ქალაქ კრაკოვის მონახულებით დასრულდა. ქვეყნის პირველ პირთან ერთად კრაკოვში ქართული დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ.