პუბლიკაციები
კოდუას კოდი, ანუ ღმერთის გეშინოდეთ, ბატონებო!

kortiხელისუფლებამ სამკვირიანი ვადა მისცა შპს “ჩოგბურთის კლუბი - დინამოს” მესვეურებს, რათა პირწმინდად აიბარგონ სახელგანთქმული დინამოს კორტებიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუხრანის ხიდთან რომ არის განლაგებული.

მრისხანე დიდკაცურ შეძახილს ღირსეულად და ვაჟკაცურად უპასუხეს ჩოგბურთელებმა. საქართველოს პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის და სპორტის საქმეთა მინისტრის სახელზე გააგზავნეს ღია წერილი, რომლითაც მოითხოვდნენ სპორტული კომპლექსის შენარჩუნებას ქართველი ჩოგბურთელების ახალი თაობების დასაოსტატებლად. სპორტსმენებსა და აქ მომუშავე მწვრთნელებთან ერთად წერილს ხელი მოაწერეს მსოფლიოში გავრცელებული ამ თამაშის “ვირუსით” დაავადებულმა სახელგანთქმულმა პიროვნებებმა - პროფესორმა ლადო პაპავამ, კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ და მრავალმა სხვამ.

ორი დღის შემდეგ მიიღეს პასუხი: წერილი განხილვის სტადიაშია. ჩოგბურთის კორტების ბინადარნი ამ პასუხს გულგრილად და იმედის ნაპერწკლის გარეშე შეხვდნენ: ვიცით, რითაც მთავრდება ასეთი განხილვებიო...

გამოდის, რომ კორტები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთგვარ “თხემის ადგილად” - სასჯელის სისრულეში მოსაყვან ადგილად იქცა, სადაც იგი თავის მოქალაქეებს უსწორდება. ჯერ არ დამშვიდებულა საზოგადოებრივი აზრი კორტებთან უდანაშაულო ყმაწვილის - ვაზაგაშვილის მოკვლის გამო, მისი მკვლელებიც ცნობილნი არიან, მაგრამ რატომღაც ხელს არავინ ახლებს. ამჯერად კი კორტებთან აპირებენ ანგარიშის გასწორებას.

რატომ? რა უფლებით?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადავწყვიტეთ საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება და პირველად “დინამოს” ჩოგბურთის კორტებზე მივედით.

ჩვენი ვიზიტის დღეს ცხოვრება სტადიონზე არ დუღდა, მაგრამ ჯერ კიდევ ფეთქავდა. წინა დღით აქ დამთავრდა ტურნირი ალექსანდრე მეტრეველის თასის მოსაპოვებლად, რომელშიც 100-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა სრულიად საქართველოდან. სამწუხაროდ, თვით მეტრეველი მისი სახელობის ამ შეჯიბრზე დასასწრებლად ვერ ჩამოვიდა. ასეთი რამ იშვიათად მომხდარა, რადგან ბატონი ალექსანდრე შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, კვლავ და კვლავ რომ მოინახულოს ის ადგილები, სადაც ჩოგბურთელად და ადამიანად ჩამოყალიბდა. ალექსანდრე მეტრეველის ნაცვლად №3 კორტზე შევხვდით მის უფროს ვაჟს - აკა (ალექსანდრე) მეტრეველს, რომელიც ოფლად იღვრებოდა მწვრთნელის წილი “არსობის პურის” საშოვნელად. გაირკვა, რომ თითქმის ნახევარი წელიწადია, რაც ალექსანდრე მეტრეველი-უნცროსი თავის ძმასთან - ირაკლისთან ერთად, მშობლიურ კერას დაუბრუნდა და წარმატებით იღვწის სამწვრთნელო ასპარეზზე.

ძველი ნაცნობობის უფლებით, წამიერად მოვაცდენ აკას და ვეკითხები:

- როგორ აფასებ იმას, რაც დღეს აქ ხდება?

პასუხი მოკლე იყო, როგორც ფორსჰენდით ძლიერი დარტყმა, რომელიც ეს-ესაა შეასრულა მისმა ერთ-ერთმა აღსაზრდელმა:

- როგორც ვანდალიზმის აქტს, სხვაგვარად განა შეიძლება შეფასდეს?!

ჩვენმა ნაცნობმა დინამოელმა მწვრთნელებმა გვირჩიეს შპს "ჩოგბურთის კლუბი - დინამოს” მთავარ ბუღალტერ ლარისა ნიჟარაძისთვის მიგვემართა, რომელიც, ამასთან, კლუბის დირექტორის მოვალეობასაც ასრულებს.

ქალბატონი ლარისა არა მარტო საქმიანი, არამედ მებრძოლის თვისებებით აღჭურვილი ადამიანი აღმოჩნდა. მასთან საუბარში გაირკვა ატეხილი აურზაურის დეტალები.

და აი, თანდათან ვიგებთ, რომ ხელისუფლებას თითქოსდა აქვს კანონიერი უფლება ამ გემრიელი ლუკმის დასაპატრონებლად.

საქმე ის არის, რომ კლუბის აქციონერები ყოფილან აქაურობის ლამის ყველა მეტნაკლებად ცნობილი ხშირი სტუმარი და პროესიონალი სპორტსმენი. მაგრამ ყველამ, ვისაც აქციონერობის პერსპექტიულობაში ეჭვი შეეპარა, გაყიდა თავიანთი აქციები.

შედეგად, ყველა აქცია ბოლოს და ბოლოს ერთი ბიზნესმენის - დავით კოდუას ხელში აღმოჩნდა. ეს კოდუა პატრონია საქართველოში უდიდესი სამორინესი “გრანდ საქართველო”, რომლის ფართობი 3500 კვადრატული მეტრია. დავით კოდუამ ეშმაკურად განჭვრიტა და დააგირავა ეს ფართი “ქართუ ბანკში” (რომელიც ცნობილი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა). მიღებული დიდი ფული კი თავის ბიზნესს მოახმარა. შეუმოწმებელი ინფორმაციით, კოდუამ 20 მილიონი დახარჯა “გრანდ საქართველოს” ინტერიერის მოსაწყობად და მომსახურე პერსონალის მოსამზადებლად.

ვალების გადახდის დრო რომ დადგა, გაირკვა, რომ ბატონი კოდუა გადახდის უუნაროა. და სესხი “ჩოგბურთის” აქციებით გაისტუმრა. ბანკმა კი, რომელსაც თავისი ნაღდი ფულის დაბრუნება სურდა, ჩოგბურთის კლუბის აქციები მიჰყიდა... სახელმწიფოს!

სულ ეს იყო. ასეთია ბოროტმოქმედების “კანონიერების” უმარტივესი სქემა, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ. გარიგების შედეგი ფრიად სამწუხაროა: ეს ყველაფერი უნდა ზღოს მსოფლიოში უპოპულარესი სპორტის ათასობით თაყვანისმცემელმა. მათ შორის, ხანდაზმულმა ადამიანებმაც, რომლებიც ჩოგბურთის თამაში ინარჩუნებენ ჯანმრთელობას.

დაბოლოს დავბრუნდით კორტებზე და განვაგრძეთ საუბარი ქალბატონ ნიჟარაძესთან.

- თუ მეხსიერება არ გვღალატობს, ასეთივე ინციდენტი სხვა დროსაც მოხდა.

- გიპასუხებთ, რომ მეხსიერება არ გღალატობთ. 2003 წელს, როცა აქ დავიწყე მუშაობა, სიტუაცია უფსკრულის პირას ბალანსირებდა. კლუბს 100 ათასზე მეტი დოლარის ვალი ჰქონდა დაგროვებული. დიდი ძალა დავხარჯე, ფინანსური მექანიზმი რომ ამეწყო კლუბში. სადღეისოდ ვალი არა მარტო გასტუმრებული გვაქვს, არამედ დიდი ხანია, რაც პლიუსით ვმუშაობთ. უფრო მეტიც, მიღებული სახსრებით შევძელით კორტების კაპიტალური რემონტის ჩატარება, მოვაგვარეთ განათება და შევცვალეთ იატაკის საფარი დარბაზში.

- ჩოგბურთი ძვირადღირებული სიამოვნება რომ არის, იმის ხარჯზე ხომ არა?

- ასე ნუ იტყვით... ფასები ჩოგბურთის სხვა ცენტრებთან შედარებით ჩვენთან, შეიძლება ითქვას, შეღავათიანია. თავად განსაჯეთ. ერთი საათი ვარჯიში ჩვენთან 15 ლარი ღირს, ეს კი სხვა ნებისმიერთან შედარებით უიაფესია. ჩვენთან 5-6 მოზარდი ერთ ჯგუფში მეცადინეობს. მშობლები თვეში მხოლოდ 15 ლარს იხდიან. შემოსული თანხის თითქმის ნახევარი მწვრთნელების ხელფასზე იხარჯება. თქმულს შემიძლია დავუმატო, რომ რამდენიმე, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვი, საერთოდ უსასყიდლოდ ვარჯიშობს. ამგვარი გულუხვობის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ჩვენს განკარგულებაში საკმაო რაოდენობითაა სათამაშო მოედანი: ათ მოედანზე ყოველდღიურად 100-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ჩოგბურთის საფუძვლებს. სამწუხაროდ, საგანგაშო პერსპექტივის მოლოდინში მათი რაოდენობა ყოველდღიურად კლებულობს.

- სანაცვლოდ ხელისუფლებამ რამე თუ შემოგთავაზათ?

- ალტერნატივად შემოგვთავაზეს ნაგავსაყრელის ადგილზე, რომელიც 5 დეკემბრის ქუჩაზეა, გარეუბანში, ხუთი ღია და სამი დახურული კორტის მოწყობა. თუმცა დოკუმენტურად ეს არსად და არაფრით არ არის დადასტურებული. ამიტომაა, რომ ამ დაპირების არავის სჯერა. თანაც - როდის იქნება, არც ის უწყის ვინმემ.

- მაგრამ ქვეყანაში ხომ არის ჩოგბურთის ფედერაცია? როგორია მისი პოზიცია!

- ქალბატონი ლეილა მესხის, მისი პრეზიდენტის პოზიცია, რბილად რომ ვთქვა, ფრიად გაურკვეველია - არც ხელს შეგიშლით, არც დაგეხმარებითო. მისი პასუხი კომერციულად მარტივი და გასაგებია: ჩვენი აღსაზრდელები იძულებულები გახდებიან მასთან გადაბარგდნენ! სხვაგან სად უნდა წავიდნენ?! მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მათ მშობლებს ჯიბეში საკმარისი ოდენობის ფული აღმოაჩნდებათ. ლეილას აკადემიაში სწავლება, როგორც მეუბნებიან, მართლაც ძვირი სიამოვნებაა...

p.s

დინამოს კორტებზე დანებებას არ აპირებენ. გასულ შაბათს აქ შეიკრიბა ბევრი “მეჩოგნე” და კიდევ ერთხელ აღიმაღლეს ხმა ჩოგბურთის დასაცავად. ვიტყოდით - დიადი ჩოგბურთისა, რომელმაც თავის რიგებში გააერთიანა მილიონები დედამიწის ყველა კონტინენტზე. აღმოაჩნდება კი კეთილი ნება საქართველოს ხელისუფლებას, რათა არ ხელყოს ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობა, რომელიც 60 წელიწადზე მეტი ხნის წინათ გვიანდერძეს? ჩაატარებენ თუ არა წამების აქტს, რომლის ვადა ყოველდღიურად ახლოვდება? ასეთია შეკითხვები, რომლებზეც პასუხს ქართული საზოგადოებრიობა მოუთმენლად ელოდება.

საქინფორმი