სამართალი
პოლონეთის პირველმა ლედი ანა კომოროვსკამ საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას უმასპინძლა

chichua-1-sam-2საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალბატონ მაკა ჩიჩუას პოლონეთის პირველმა ლედიმ უმასპინძლა.პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის ლიდერებმა ქალბატონებთან ერთად სასახლის „თეთრ დარბაზში“ ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში ანა კომოროვსკამ და მაკა ჩიჩუამ ვარშავის „დედათა და ბავშვთა ინსტიტუტი“ მოინახულეს. ცენტრის ხელმძღვანელი პირები ქალბატონებს საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და ინსტიტუტის ფუნქციონირების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია გააცნეს.

მოგვიანებით მათ ნეონატოლოგიის განყოფილებაში გადაინაცვლეს, სადაც ქალბატონებმა ჩვილი ბავშვები მოინახულეს. ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ პატარებს საჩუქრები გადასცა.

კლინიკაში სტუმრობის დროს მაკა ჩიჩუამ ონკოლოგიური განყოფილებაც მოინახულა, სადაც პატარა პაციენტებს პირადად გაესაუბრა. თითოეული მათგანი მან საქართველოს ხედებიანი წიგნებით, ქართველი მხატვრების ნამუშევრებით გაფორმებული მაისურებით და „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური გამოცემებით დაასაჩუქრა.

სამედიცინო ცენტრიდან ქალბატონები ფრიდერიკ შოპენის მუზეუმში გაემგზავრნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ პიანორეჩიტალი ახალგაზრდა პიანისტის ადამ მიკოლაი გოჟჯიევსკის შესრულებით.

მოგვიანებით ანა კომოროვსკამ და მაკა ჩიჩუამ ვარშავის სამეფო სასახლე დაათვალიერეს, რომლის დარბაზებშიც ისტორიული ფრაგმენტებია თავმოყრილი. მათ ძველი ქალაქის ქუჩებშიც გაისეირნეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე საზეიმო სადილით დასრულდა, რომელიც ბატონ ბრონისლავ კომოროვსკისა და ქალბატონ ანა კომოროვსკას სახელით ბატონი გიორგი მარგველაშვილისა და ქალბატონი მაკა ჩიჩუას პატივსაცემად გაიმართა.

chichua-4-sam-2