საზოგადოება
პრემიერმა ღარიბაშვილმა ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოები მოინახულა

Semovliti-saz-3საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ქობულეთის  შემოვლითი  ჩქაროსნული  გზის  სამშენებლო  სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დავით ნარმანიასთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად დაათვალიერა. ისინი ადგილზე გაეცნენ პროექტის მინდინარეობას და წარმოებული სამუშაოების ხარისხს.

ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აზიის განვითარების ბანკის კრედიტითა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს.

აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს. 2013 წლის ოქტომბერში დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა ქობულეთის შემოვლითი გზის 12.4-კილომეტრიანი მონაკვეთი. დაიგო ბეტონის საგზაო საფარი. მთავარ გზაზე აშენდა 13 წყალგამტარი მილი და 3 მიწისქვეშა გასასვლელი. ადგილობრივ გზებთან მიერთებებზე და კერძო მიწის ნაკვეთების შესასვლელებზე მოეწყო წყალგამტარი მილები, არხები და სხვადასხვა სახის სადრენაჟე სისტემები, აშენდა 14 სახიდე გადასასვლელი: პროექტის საერთო ღირებულება 115 მილიონ 500 ათასი ლარი იყო. სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა.

2013 წელს დაიწყო ქობულეთის შემოვლითი გზის მომდევნო - 18.8-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2016 წელს დასრულდება. 2013 წელს აღნიშნულ მონაკვეთზე, ძირითადად, გზის საფუძვლის, გზაგამტარებსა და ხიდებზე რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობით აჭარის შემოვლითი გზის პირველი ეტაპი დასრულდება.

პირველი ლოტის საერთო ღირებულება 115 მილიონ 500 ათასი ლარი იყო, ხოლო მეორე ლოტის ჯამური ოდენობა 210 მილიონ ლარამდეა (რომელიც 2016 წლამდე, ანუ პროექტის დასრულებამდე დაიხარჯება).

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთზე დაგეგმილია 18.8 კმ ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, 4 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, გაიოლდება როგორც ადგილობრივი მოქალაქეების, ისე სატრანზიტო გადაადგილების საკითხი.

სამუშაოებს კომპანია „სინოჰიდრო“ აწარმოებს. ობიექტზე 550 მუშაა დასაქმებული.

Semovliti-saz-3-1