საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის პირველი დღე გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პატივსაცემად პოლონეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართული ოფიციალური სადილით დასრულდა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა შეკრებილი საზოგადოების, მათ შორის ქართული დელეგაციის, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და იქ მოღვაწე ქართველი საზოგადო მოღვაწეების წინაშე, ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
ბრონისლავ კომოროვსკიმ ქართველი და პოლონელი ხალხების მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორ მოძმე ერს საერთო ფასეულობა - თავისუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვა აერთიანებს. გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაადასტურა პოლონეთის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგას და პირველ ლედის გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ილაპარაკა. მისი განცხადებით, ორ ერს არა მხოლოდ მტკიცე მეგობრული წარსული, არამედ საერთო ფასეულობები და სახელმწიფოთა განვითარების ერთიანი ხედვა აკავშირებს. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, პოლონეთის გამოცდილება საქართველოს წინსვლისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. საუბარი არაფორმალურ გარემოში შედგა - გიორგი მარგველაშვილი მათ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა და ყურადღება იმ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს. საქართველოს განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცების თაობაზე გიორგი მარგველაშვილს საკუთარი მოსაზრება პოლონეთის ქართველობამაც გაუზიარა. საქართველოს პრეზიდენტმა თთოეულ მათგანს სამშობლოში დაბრუნება უსურვა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დღეს, 3 აპრილს დასრულდება. ვიზიტის მეორე დღეს ქვეყნის პირველი პირი კრაკოვს ესტუმრება.