პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი პოლონეთის სეიმის მარშალ ევა კოპაჩის და სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა

bogdan-pol-2საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ ევა კოპაჩის და სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო  საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფების  თანამშრომლობას. მათ ყურადღება პოლონეთის გამოცდილებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ამ გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს.

ქართული დელეგაციის წევრებმა პოლონელ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთი საქართველოს მიმართ იჩენს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავაში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ქვეყნის პირველი პირი დღესვე პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად საგანგებო მიღება გამართეს.

bogdan-pol-2-1