საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმო TCF GEORGIA დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილი საწარმოო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საწარმო არის საუკეთესო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ერთ პუნქტში ციტრუსის დახარისხებაც, შეფუთვაც და მისი რეალიზაციისთვის საჭირო ტარის წარმოებაც.ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მსგავსი, საერთაშორისო სტანდარტების საწარმოების არსებობა დადებითად აისახება, უპირველეს ყოვლისა, რეგიონის ეკონომიკაზე, ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესს გაზრდის და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს.
ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმო TCF GEORGIA 2013 წელს გაიხსნა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში ინვესტორმა 3 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ქარხანაში, რომელიც დღე-ღამეში15 000 ყუთს აწარმოებს, 450 ადგილობრივი მოსახლე მუშაობს.