საქართველოს ტყეებში ხანძრებს ისევ ებრძვიან. როგორც საქინფორმს გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსმა პაპუნა ხაჩიძემ აცნობა, ტყეში ხანძართან ბრძოლა სამ სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს; კერძოდ, ბაღდათის სატყეო უბანში, სადაც 20-25 ჰექტარი იწვის, თიანეთშიც ცეცხლი ამდენივე ფართობზეა გავრცელებული და თელავის რაიონში, სადაც ხანძარმა 30-35 ჰექტარი მოიცვა.
პაპუნა ხაჩიძის თქმით, სამივე შემთხვევაში ხანძარი ტყეებში ჩამოცვენილ ფოთლებზე იოლად გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია. თელავის რაიონსა და ბაღდათის სატყეო უბნებზე ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები გამოიყენეს. თიანეთის ტყეში კი ცეცხლს რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ებრძვიან. ტყეებში ხანძარი ჯერჯერობით ლოკალიზებული არ არის. სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ხანძრების ლოკალიზებას სამივე შემთხვევაში დღის ბოლომდე შეძლებენ.