აქტუალური
საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენაკში მეორე ქვეით ბრიგადას ესტუმრა, სადაც მას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დახვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო. შემდეგ კი პრემიერი და თავდაცვის მინისტრი შტაბის შენობაში ბრიფინგს დაესწრნენ.
ბრიფინგზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ხელმძღვანელი პირები."დღეს სენაკის მეორე ბრიგადას ეწვია საქართველოს პრემიერ მინისტრი, შეამოწმა საბრძოლო მზადყოფნა, გაეცნო ინფრასტრუქტურას და იმ ცვლილებებს, რაც ერთი წლის განმავლობაში აქ განხორციელდა. მოისმინა ბრიგადის განვითარების გეგმა, ასევე მისი მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში.
შეფასებები ძალიან მაღალია. მთავარია, რომ პრემიერი ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობას დაჰპირდა მეორე ბრიგადას. ეს, ბუნებრივია, შესრულებული იქნება. ჩვენი ჯარისკაცები, მეორე ბრიგადის პირადი შემადგენლობა, ძალიან ბედნიერია იმით, რომ ასეთი მხარდაჭერა არსებობს მთავრობის თავმჯდომარისგან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.