აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „ზღვისპირა ზოლის განვითარება და პროგრესი არ შეიძლება საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის“

bereg-akt-2საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. "დავიწყე რეგიონებში ვიზიტი, დღეს ვეწვიე სამეგრელოს, ზაფხულამდე ვაპირებ ყველა რეგიონში ჩასვლას, რათა ადგილზე გავეცნო იმ პრობლემებს, რომლებიც წლების მანძილზე დაგროვდა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს მთავრობის მეთაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტუქტურა და ზოგადად პროგრესი არ შეიძლება საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე იმედოვნებს, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში განაცხადა, მთავრობის დავალებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები დეტალურ კვლევას ატარებენ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს ახალი პორტის რამდენიმე პროექტი, რომელთა დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოსაზიდად საპარტნიორო ფონდი მუშაობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონები, აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი, გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი. პრემიერმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების მნიშვნელობას.

„სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.