პოლიტიკა
„ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია“

pol-3-Janinსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრ ჟანინ ჰენნის-პლასხარტთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში განხორციელებული ვიზიტის გამო. მან მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოსადმი დახმარების მნიშვნელობას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიც არის: კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანთა უფლებების პატივისცემა, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, სამშვიდობო პროცესების განმტკიცების ხელშეწყობა, მმართველობის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლები: პოლიტიკურ საქმეთა დირექტორი ვიმ ბარგერბოსი, შტაბის უფროსის თანაშემწე საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, ბრიგადის გენერალი ტოინ ბოიკერინგი, სპიკერი საშა ლოუჰოფი, საზღვაო ძალების მაიორი ვოუტერ დე იონგი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰანს პოლ მარია ჰორბახი, საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი რობერტ გერდესი. საქართველოს მხრიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში შოთა ღვინერია.