პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ესტუმრება

pol-2-polonetiსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი პოლონელ კოლეგას  ბრონისლავ კომოროვსკის პირისპირ შეხვდება. შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ამას გარდა, დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან. საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს ევა კოპაჩის შეხვდება. ასევე იგეგმება გიორგი მარგველაშვილის და  სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.

საღამოს  ბრონისლავ კომოროვსკი და ანა კომოროვსკა გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პატივსაცემოდ სადილს გამართავენ.

3 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში გაემგზავრება, სადაც  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.

გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ორ დღეს გასტანს და საქართველოში იგი 3 აპრილს დაბრუნდება.