აქტუალური
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის ბიზნეს დელეგაციის წევრებს შეხვდა

akt-2-katariსაქართველო, 1 აპრილი, საქინფორი. ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 20 წამყვანი კომპანიის  წარმომადგენლებმა საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელების სურვილი გამოთქვეს.  დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის ბიზნეს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ყატარის დელეგაციას ქართული საინვესტიციო გარემო გააცნო. მისი განცხადებით, საქართველო ინვესტიციით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა კომპანიებს ბიზნესშესაძლებლობების ფართო არჩევანს სთავაზობს ქვეყნის ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და უძრავი ქონება, მრეწველობა, რეგიონული სერვისების ჰაბი, ლოჯისტიკა.

მანვე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და ლიბერალურ საგადასახადო სისტემაზე. ამასთან, ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ და ხელსაყრელ ადგილმდებარეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ყატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 20 წამყვანი კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები. დელეგაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და ყატარში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, Al Baida Group-ის თავმჯდომარე ალი ალ მისნადი ხელმძღვანელობს.