პუბლიკაციები
საქინფორმი: მერე რა, რომ საქართველოს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან?! სამაგიეროდ, გუშინდელი დღიდან ჩვენ გვაქვს დიპურთიერთობა ტუვალუსთან, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გადაიფიქრა!

tuvalu-pol-2საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ძვირფასო მკითხველო! ეს - საპირველაპრილო ხუმრობა არ არის, დღეს საქართველოში საყოველთაო სიხარული და ზეიმია, განსაკუთრებით - საგარეო საქმეთა სამინისტროში. გუშინ ხომ წყნარი ოკეანის სახელმწიფო ტუვალუმ უკან გაიწვია თავისი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ (რომელიც 2011 წლის სექტემბერში მიიღო) და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა!

ოქმს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ თბილისში ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ტუვალუს გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომისა და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ. მასში ნათქვამია, რომ “ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით”.

კომპეტენტური ინფორმაციით, მთელი ეს ოპერაცია საქართველოს რაღაც წვრილმანები დაუჯდა - რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია ტუვალეს ტურიზმში, სადაც ქართველი ტუროპერატორები ქართველ დამსვენებლებს გაგზავნიან, აგრეთვე ორიოდე საყურე და ბეჭედი თავად მაია ფანჯიკიძისთვის, რომელმაც გუშინ მხურვალე მადლობა გადაუხადა ტუვალუს მთავრობას.

“დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ძალადობრივი ან რაიმე სხვა უკანონო გზით მხოლოდ დროებითი მოვლენაა. ტუვალუ მაგალითი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ!”.

2011 წლის 20 ივნისს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება ვანუატუმ გაიწვია. ეს ქვეყანა რესპუბლიკების დამოუკიდებლობას თვეზე ნაკლებ ხანს აღიარებდა - 2011 წლის 31 მაისიდან. ახლა ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ აღიარებენ.

მაშ ასე, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქუჩაზეც დადგა დღესასწაული! მერე რა, რომ საქართველოს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან?! სამაგიეროდ, გუშინდელი დღიდან ჩვენ გვაქვს დიპურთიერთობა ტუვალუსთან, რომელმაც, ვანუატუს კვალდაკვალ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გადაიფიქრა.