აქტუალური
“იუსტიციის მინისტრს ნდობის ლიმიტი ამოეწურა!” - ყოფილი პოლიტპატიმრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გია სალუქვაძის განცხადება

aqtual-1საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბოლოდროინდელ  ქმედებებს საზოგადოებისთვის მიუღებლად მიიჩნევს.

წინა ხელისუფლების მიერ სხვადასხვა გზით რეპრესირებულთა რეაბილიტაციის მიზნით ქალბატონი  მინისტრი გვპირდებოდა პრობლემის სამართლებრივი გზით გადაწყვეტას, რაც  მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის მეშვეობით უნდა გადაწყვეტილიყო. ამ მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საზოგადოებას იუსტიციის სამინისტროს მიერ მთავრობისთვის კანონპროექტის  წარდგენის შესახებ ეუწყა.

მოლოდინის რეჟიმში მყოფ საზოგადოებას თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერით მიმართა და ამცნო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოდან გამოითხოვდა იმ საქმეებსაც, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყო შეტანილი, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ასევე სატელევიზიო ეთერის მეშვეობით განაცხადა, რომ მან მთავრობიდან გამოითხოვა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის კანონპროექტი, რომლის  განხილვაზეც  თითქოსდა  დღევანდელი ხელისუფლება თანხების უქონლობის გამო უარს აცხადებდა. მინისტრის მსგავსი არგუმენტი მიუთითებს მის არაკომპეტენტურობაზე, ვინაიდან საბიუჯეტო თანხებზე საუბარი მაშინ, როდესაც ის არავის დაუდგენია, მიუღებელია. გარდა ამისა,  მსგავსი განცხადება ავტომატურად დარტყმის ქვეშ აყენებს დღევანდელ ხელისუფლებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ მინისტრის მიერ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებული განცხადებების შემდეგ უამრავ ადამიანს, ექვსთვიანი მიმართვის ვადის ამოწურვის გამო, წაერთვა შესაძლებლობა, მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის, რითაც დაირღვა მათი კანონიერი უფლებები.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხი ზედაპირულად მომზადდა. დაუშვებლად მიგვაჩნია ისეთი საშიში სახელმწიფო დამნაშავისთვის, როგორიც კეზერაშვილია, გადმოცემის საშუალების მოსპობა. საინტერესოა მედიით გავრცელებული ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია წულუკიანის საუბრის შესახებ ერთ-ერთ დიპლომატთან სწორედ კეზერაშვილის საკითხზე, რაც საფუძვლიან ეჭვებს აღძრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობთ უკანასკნელ პერიოდში ქალბატონი მინისტრის მიერ ღირსეული და პროფესიული კადრების სრულიად უაპელაციოდ სამსახურიდან დათხოვნაზე.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა ყველა ზემოაღნიშნულ კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი ან გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.