როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი აზრის სახლის“ ხელმძღვანელმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა, დიმიტრი შაშკინი განათლების სისტემაში კარგი მენეჯერი ვერ აღმოჩნდა და მისი მინისტრად მოსვლისთანავე მოსწავლეთა განათლების დონე დაეცა. ამის მაგალითად მან განათლების რეფორმა დაასახელა, რომელიც კრახს განიცდის, რასაც წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაბალი მაჩვენებლები ადასტურებენ.
ბაკურ ბაკურაძე დიმიტრი შაშკინს დირექტორების, პედაგოგებისა და მოსწავლეების რეპრესიებშიც ადანაშაულებს. როგორც „თავისუფალი აზრის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ის, რომ სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქციები გამართეს და რეფორმა და სწავლების დონე გააპროტესტეს. ბაკურ ბაკურაძის განცხადებით, სიტყვა მანდატური ჯოხიან კაცს ნიშნავს და მანდატურის სისტემის დანერგვით, მინისტრს საჯარო სკოლების არასრულწლოვანთა კოლონიებად გადაკეთება სურს, რათა მომავალი თაობა კონტროლირებადი გახდეს. „თავისუფალი აზრის სახლი“ განათლების მინისტრის შეცვლისთვის ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას აპირებს და კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავს.