საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 27 მარტს, მთავარ პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილი უწყებაში გუშინ 13 საათისთვის იყო დაბარებული, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა.„ვინაიდან ის არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მისი მოწმის სახით დაბარება-დაკითხვას რომ არ მიეღო სისტემატური და დროში გაწელილი ხასიათი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მომხდარიყო მისი ერთდროულად ინფორმირება რამდენიმე საქმეზე დაკითხვის აუცილებლობაზე.
ვითვალისწინებთ რა ძიებაში მყოფი საქმეების დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ სტატუსს და გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის მისი, როგორც კარგად ინფორმირებული მოწმის ჩვენებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების, (მაგალითად, skype) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას. ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთკვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას“, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ საგანგებო ბრიფინგზე.