სამართალი
საქალაქო სასამართლოში გიორგი დემეტრაძის სასამართლო პროცესი გაიმართება

demetradze-giorgi1ცნობილი ქართველი ფეხბურთელის - გიორგი დემეტრაძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი კიდევ ორი მოწმე დაიკითხება. ამ დრომდე დაკითხულია ერთი მოწმე, შს სამინისტროს თანამშრომელი ბესიკ მჩითავიშვილი, რომელიც ჩანაწერების შედგენასა და სატელეფონო საუბრების მოსმენაზე უშუალოდ მუშაობდა.

დღეს პროცესზე კიდევ ორი მოწმე დაიკითხება, წინასწარ მათი ვინაობა უცნობია, თუმცა ისინიც თანამშრომლები იქნებიან, რადგან ნეიტრალური მოწმე, გარდა ლურსმანაშვილისა, რომელმაც სადავო თანხა მოიგო, გამოძიებას არ ჰყავს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დემეტრაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ცნობისთვის: ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, ასევე, დავით გაგნიძე და სოდის ყოფილი მაღალჩინოსანი კახა მისირელი "ქურდული ტრადიციების მიმდევრობის" ბრალდებით მიმდინარე წლის 9 ივლისს დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებიდან რამდენიმე დღეში მისირელი პატიმრობიდან სამედიცინო ცნობის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.