საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ლოჯისტიკის, ფინანსური, ინოვაციების და ტურისტული ჰაბი რეგიონში. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი ბრაზილიელ ინვესტორებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს, რაც მათ მეტ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ტემერთან შეხვედრაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტთან ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა.მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ბრაზილიას განიხილავს, როგორც პარტნიორს ლათინურ ამერიკაში და დარწმუნებულია, რომ პარტნიორული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მან მიშელ ტემერი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ ბრაზილიიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მომენტი იქნება.