სამართალი
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით ივანე მერაბიშვილი დაიკითხა

1-podelu-samart-3საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

დაკითხვისას ივანე მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და გამოძიების შეკითხვაზე განმარტა, რომ მის მიერ 2005 წლის 3 თებერვალს გამართული ბრიფინგის დროს მან ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზად  ბუნებრივი აირით მოწამვლა მხოლოდ იმის გამოდაასახელა, რომ იგი თავად გახლდათ შემთხვევის ადგილზე მისული, სადაც იყო ნამწვის სუნი, ხოლო საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ვერაფერს იხსენებს.

2005 წლის 3 თებერვალს ივანე მერაბიშვილმა პირველმა ამცნო საზოგადოებას  პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება და საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა. ასევე,  წინასწარ დაასახელა გარდაცვალების მიზეზები და განმარტა, რომ გარდაცვალება ბუნებრივი აირით მოწამვლამ გამოიწვია. ბრიფინგი დილის 08:38-ზე გაიმართა, არადა ამ დროს არათუ ექსპერტიზის დასკვნა დაწერილი, არამედ გვამების გამოკვლევაც კი არ ყოფილა დაწყებული. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება დაიწყო 2005 წლის 3 თებერვლის  დილის 9 საათზე, რასაც 20 წუთით უსწრებს ვანო მერაბიშვილის ბრიფინგი. გარდა ამისა, ივანე მერაბიშვილი უშუალოდ იყო მისული შემთხვევის ადგილზე, იქ, სადაც ნანახი იქნა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამები.